ქეთევან შავგულიძე, მზია ჩიხრაძე, მარიამ შერგელაშვილი
“ორმაგი აგენტები”
„გადალახეთ საზღვრები, ამოავსეთ თხრილები“1
საქართველოდან დასავლეთში ხელოვანთა მიგრაციის ტენდენცია ძირითადად 1990-იანი წლებიდან ვლინდება. ამ პროცესის უმთავრეს მოტივაციად ისახება: ეკონომიკური მიზეზი, შემოქმედებითი თუ შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, პროფესიული სრულყოფა, თანამედროვე დასავლეთის სახელოვნებო სივრცესთან ინტეგრაციის სურვილი და სხვა. მიგრირებულ ხელოვანთა პროფესიული კარიერა დასავლეთში ყალიბდება და მათი შემოქმედებაც საერთაშორისო სახელოვნებო სივრცის ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ თანამედროვე ქართული ხელოვნება მათ მიერაც იქმნება. მეტიც, თანამედროვე ქართული ხელოვნების დღევანდელი მდგომარეობის შეფასება მათი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე არასრულფასოვანია. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია მათი როგორც პროფესიული-სახელოვნებო საქმიანობა, ისე ფასეულობითი ასპექტები, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულებები და სოციალური გამოცდილება.
უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა ცხოვრება-შემოქმედების შესასწავლად თსუ-ს სამეცნიერო ჯგუფმა შეადგინა იმ ქვეყნების სია, სადაც ისინი ყველაზე მეტნი არიან. ასევე გაკეთდა თავად მიგრირებულ ხელოვანთა სიები. ჯგუფის წევრები გაემგზავრენ გერმანია, ავსტრია, შვეიცარიასა და აშშ-ში, სადაც შეხვდნენ ქართველ ხელოვანებს, გაეცნენ მათ ცხოვრება-შემოქმედებას. მათგან აღებული ინტერვიუებისა და საუბრების შედეგად მიიღეს სრული ინფორმაცია საკვლევი თემის მთავარ კითხვებზე - რატომ, რა პირობებში წავიდნენ ისინი უცხოეთში, როგორ მოხდა მათი დამკვიდრება ახალ ადგილზე, როგორ ხდება მათი ინტეგრირება დასავლურ გარემოში, რა კავშირებს ამყარებენ ისინი ადგილობრივ მხატვრულ ძალებთან და რა კავშირებს ინარჩუნებენ ქართულ სახელოვნებო გარემოსთან, რამდენად თვლიან საკუთარ შემოქმედებას ქართული სახელოვნებო სივრცის ნაწილად, როგორ აფსებენ დღეს მიმდინარე მხატვრულ პროცესებსა და საქართველოს მსოფლიო სახელოვნებო სივრცესთან ინტერგირების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ემიგრანტი არტისტების დიდი უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ-იორკი) და გერმანიაშია (ბერლინი, დიუსელდორფი) ლოკალიზებული. თავის მხრივ ნიუ-იორკი აშშ-ში და ბერლინი ევროპაში წამყვანი კულტურული ცენტრებია, სადაც თანამედროვე ხელოვნება ინტერნაციონალური გლობალური კონტექსტებით არის აღნიშნული. ნიუ იორკის მხატვრულ სცენაზე წარმოდგენილ ხელოვნებას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. პირველ რიგში ეს არის სხვადასხვა ნაციონალობის მქონე ხელოვანთა შემოქმედების სინთეზი, სადაც ეროვნულს არსი ეკარგება, ის გლობალურ პრობლემებში ფერმკთალდება და მას ერთგვარად ლოკალური მნიშვნელობა ეძლევა. ნიუ-იორკის ინტეგრირებულ მხატვრულ სივრცეში ეროვნულის ხაზგასმა მხოლოდ იმ ნიშნით ხდება მნიშვნელოვანი, თუკი მასზე დაფუძნებული მხატვრული პრობლემატიკა საერთო მსოფლიო სოციალურ-პოლიტიკურ ან ფილოსოფიურ კონტექსტს შეეხება. ბერლინი ასევე საერთაშორისოდ გახსნილი სივრცეა, სადაც კედლის განადგურების შემდეგ, იწყება ბერლინის არტ სცენის აყვავება - იბადება ღია, თავისუფალი სივრცე, სადაც იდეების გაცვლა, თავისუფალი კონტაქტი და კოლაბორაცია გამორიცხავს არტ ისტაბლიშმენტის არსებობას იმგვარად, როგორც მაგ. ლონდონსა და ნიუ იორკში ვხდებით. ბერლინში განვითარებულ ექსპერიმენტულ ველს კონცეპტუალური ღიაობა და ინოვაციებისადმი ინტერესი ახასიათებს, რაც ესოდენ მიმზიდველია ხელოვანებისთვის და შემოქმედებითი ენერგიის მაღალ კონცენტრაციას იწვევს (ორი სახლის პრინციპით დღესაც ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს ბერლინში).
ამგვარ გლობალურ, ინტერნაციონალურ სამყაროში - იქ, სადაც აღარ არსებობს “სტილური იმპერატივი” (არტურ დანტო), ხელოვნებას აღარ აქვს სპეციფიკურად იდენტიფიცირებადი სახე, აღარ არის “ხელოვნების ნაწარმოებად არსებობის რაიმე სპეციალური წესი” და მისი მხოლოდ ფილოსოფიური დატვირთვა თუ ახსნის მის ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევას. ჩნდება თანამედროვე ხელოვნების მეორე სპეციფიკური ნიშანი -პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ყველანაირობა, მრავალფერობა. ისმის კითხვა, პოსტმოდერნული და იქნებ, უკვე პოსტ პოსტმოდერნული კულტურის ორომტრიალში როგორია პოსტსაბჭოთა საქართველოდან გამოსული ხელოვანების როლი, სად და როგორ იპოვეს მათ თავიანთი ადგილი დასავლური ხელოვნების რუკაზე, როგორ ტრანსფორმირდა და დაილექა სრულიად სხვაგვარი ისტორიული, თუ პიროვნული გამოცდილებები (რომლებიც მჭიდროდ ებმის საქართველოს უხლოესი წარსულის პოლიტიკურ, ისტორიულ, თუ სოციალურ სიტუაციებს), რაც თითოეულმა მათგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რამდენად შეძლეს მათ მეხსიერებაში არსებული, თუ გენეტიკურად გადმოცემული საბჭოთა კლიშეებისგან განთავისუფლება და გახდა თუ არა მათი ხელოვნება დასავლური ხელოვნებისა და კულტურის ორგანული ან/და ორიგინალური ნაწილი.
უპირველესი, რაც საქართველოდან გამოსულ არტისტებს ახასიათებთ, არის მრავალფეროვნება. ისინი არა მხოლოდ რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ თავიანთი ხელოვნების შიგნითაც განსხვავებულ მიმართულებებს, მედიებსა და ფორმადქმნადობას გვთავაზობენ. თუმცა მათში მაინც შეიძლება ორი ძირითადი ხაზის გამოყოფა: ერთ შემთხვევაში პირდაპირ მოდერნისტული ხაზის გაგრძელებას ვხედავთ, მოდერნული ესთეტიკისა და ხელოვნების ფორმალური მხარის ტრანსფორმირების გზით, მეორე შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო ტენდენცია ვითარდება, როცა ეს ისტორიული ნარატივი უკვე დასრულდა და ხელოვნებამ ახალ პოსტმოდერნულ კულტურულ სივრცეში გადაინაცვლა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე საქართველოდან მიგრირებული ხელოვანების მრავალფერი კალეიდოსკოპი თანამედროვე ხელოვნების რთულ ლანდშფტში სინთეზურად ეწერება. მათი ხელოვნება იკვეთება იმ სივრცესთან, სადაც ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია, კინო, ვიდეო, პერფორმანსი, ინტერნეტ ხელოვნება და ნამუშევრები, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ განსაზღვრულ კატეგორიას ერთად თანაარსებობს. მათი ხელოვნების პრობლემატიკის მრვალფეროვნება ასევე თანხვედრაშია იმ თემატიკასთან, რასაც დღევანდელი იქ მოღვაწე სხვა თანამედროვე არტისტები ეჭიდებიან. ამ პრობლემების არეალი დიდია: ფემინისტური, გენდერული თემები, სექსუალური და ეროვნული უმცირესობების, დენადი იდენტობების, ადგილმონაცვლეობის, დევნილობის, პოლიტიკური, სოციალური პრობლემები; იდენტობის, კულტურული წარსულისა და ადგილის, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, პიროვნების შინაგანი დუალობის, ქვეცნობიერში დაფარულის საკითხები... მათი ვიზუალიზაციისა და შემოქმედებითად გამოხატვის ფორმებიც პლურალურია, სადაც რეპლიკა, კომენტარი, ციტატა, მეტაფორა, რეპროდუცირება, ტექსტების მრავალშრეობრივობა, გამონაგონისა და ნამდვილის, ილუზორულისა და რეალურის, წარსულისა და აწმყოს აღრევა აღქმის საზღვრების მოშლასა და მრავალგვარი მნიშვნელობების, არამდგრადი იდენტიფიკაციის ველს ქმნის, სადაც არაფერია ზუსტი, სივრცე კი ფართოდაა გახსნილი სუბიექტური წაკითხვისთვის.
პოსტმოდერნისტული კულტურისთვის უცხო ეროვნული ფორმა ქართველ ემიგრანტ არტისტებთანაც წაშლილია. ვიზუალურ-ფორმალური თვალსაზრისით მათი ხელოვნება ინტერნაციონალური, გლობალურია, მაგრამ ვიზუალურ-მხატვრულ სახეებსა და „იმიჯებში“ კოდირებული იდენტობა, გამოცდილება, ღირებულებები, განცდა, ტკივილი და ტრამვაც კი მათი ტერიტორიალურ-ისტორიული და კულტურული ბმიდან მოდის, რაც ხშირად მათი ხელოვნების თემატური თუ ემოციური ინსპირაციის განმაპირობებელია.
გამოკითხულ მხატვართა უმეტესობა წლებია ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავს ქართული სახელოვნებო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. ევროპაში მიგრირებული არტისტები საუბრობენ გაორებაზე, ორმაგი მენტალიტეტის პირობებში არსებობის შეგრძნებებზე, სხვებისათვის უხილავ „სხვა“ ნაწილზე, რომელიც მუდმივად მათთან არის და ხშირ შემთხვევაში მათი ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენს. მხატვრები თითქოს ორ სიბრტყეში ერთდროულად არსებობენ. თითქმის ყოველი მათგანი აღიარებს ქართული კვალის არსებობას საკუთარ შემოქმედებაში, მაგრამ მათი აზრით, ეს მოუხელთებელი, დაშრევებული, დამალული კონტექსტია, რომელიც მხოლოდ ერთი ნაწილია და არა მთლიანობა. მათი მთლიანობა იყოფა ორ „ნაწილად“, პიროვნება ორ მედ... ამ თვალსაზრისით საინტერესოა პოსტმოდერნიზმისათვის ერთ-ერთი პარადიგმული საკითხი, რომელიც პიროვნებას განიხილავს არა როგორ უცვლელ, ფიქსირებულ სტრუქტურას, არამედ ცვალებად, ღია მოცემულობას, ე.წ „ღია იდენტობას“ (რ.ჰ. ბრაუნი). „საბოლოოდ არსად ვგრძნობ თავს კარგად - არც საქართველოში, არც გერმანიაში და არც აშშ-ში, მაგრამ ამავე დროს ყველგან კარგად ვარ“. - აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი.
ნათლად იკვეთება ის, რომ სტაბილური იდენტობა ხდება ფრაგმენტული, მრავალშრიანი, ურთიერთსაწინააღმდეგო და განუსაზღვრელი. ის განიხილება მჭიდრო კავშირში „სხვასთან“, „უცხოსთან“, იქნება ეს განსხვავებული კულტურა, ადამიანები თუ ფასეულობები. ამგვარად ხდება სხვათა იდენტურობის პროექცია და ახალი, ღია იდენტობის ფორმირება. მულტიკულტურულ სამყაროში ახლის შეთვისება უსასრულო და მრავალმხრივი პროცესია. თვითიდენტიფიცირების ორიენტირები მუდმივად იცვლება. აღარ არსებოობს პერმანენტული იდენტობა. პოსტმოდერნისტულ ასპექტში ის დინამიკური, არაერთგვაროვანი, ფრაგმენტირებული მოცემულობაა, შედგენილი არა ერთი, არამედ რამდენიმე, ხშირად საწინააღმდეგო, შეუსაბამო იდენტობებისგან. -„მე ვარ ქართული სახელოვნებო სივრცის ნაწილი, მაგრამ ასევე ვარ აქაური სივრცის ნაწილიც“.
რესპონდენტები აცნობიერებენ რომ სრულიად უნიფიცირებული, დასრულებული, უსაფრთხო და სრული იდენტობა ფანტაზიაა. გამოკითხული ხელოვანების შემოქმედება სხვადასხვა კოდების, სტრუქტურების, ფრაგმენტების ჰიბრიდია, რომელიც გამოძახილებისგან, ციტატებისგან არის ნაქსოვი და ქმნის ახალ ენას. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი რესპონდენტი „კულტურების შეჯვარებაზე“ საუბრობს. უმრავლესობა დადებითად აფასებს ინტეგრაციის პროცესს და საინტერესო განვითარების პერსპექტივას ხედავს. იგულისხმება არა უბრალოდ ფრაგმენტის დასესხება (მაგ.“ საკუთარი ქართველობით, ისტორიით შეფუთო შემოქმედება“), არამედ უმთავრესად სტილისტური კოდისა, რომელიც აზროვნების ფორმას ან ტრადიციას წარმოადგენს. კულტურის კოდებისა და ენების თამაშში არც ერთს არ ენიჭება უპირატესობა. ისევე, როგორც პოსტმოდერნისტულ სივრცეში, სადაც ნებისმიერი დისკურსის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული, უმეტესი მათგანის შემოქმედებაშიც ორი სხვადასხვა დისკურსი ერთდროულად არსებობს და ვითარდება. ორი ტექსტი, ორი კოდი, ორი ენა, ორი სახლი...
კოლაჟურობა, როგორც კულტურული პოლიცენტრიზმის გამოვლინება თავს იჩენს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედებაში. მათი ნამუშევრები, როგორც განსაზღვრული დროისა და გარემოს ვიზუალური ნიშნები, პოსტმოდერნიზმისთვის სახასიათო თავისებურებებს ნათლად ავლენენ. ისინი იკითხება, როგორც კულტურულ-სემიოტიკური კოდების კოლაჟი ან კოლაჟის პრინციპით ორგანიზებული ციტატების კონსტრუქცია, რომელთა თამაში პოლიფონიურ სემანტიკურ ველს ქმნის. ისევე, როგორც პოსტმოდერნიზმს ახასიათებს იდეოლოგიურად და გენეტიკურად დაპირისპირებულის ერთდროულად არსებობა, ასევე მათ შემოქმედებაში ნათლად იკვეთება ერთდროულად სხვადასხვა მედიითა და საშუალებით გატაცება, რაც რთულ ასოციაციურ-კონცეპტუალურ სახეებს ქმნის - „ჩემს პროექტზე, რომ გესაუბრეთ, სადაც სურათი, სივრცე, ფერწერა, ფოტოგრაფია ერთმანეთს უერთდება. პარალელურად ვმუშაობ სხვა ნამუშევრებზეც.“
გამოკითხული მხატვრები, როგორც უკვე ვთქვით, სრულიად განსხვავებულ მედიები მუშაობენ - ფილმი, ფოტო, ვიდეო, გრაფიკა, კოლაჟი, სამკაული. მათი ინტერესის სფერო არაერთგვაროვანია და მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ დისკურსს. მაშინ, როდესაც რამდენიმე მათგანი გატაცებულია ტექნიკური ექსპერიმენტებით, დიზაინით თუ სოციალური პროექტებით, ნაწილი დაინტერესებულია ისეთი განსხვავებული და აქტუალური თემებით, როგორც სივრცისა და ობიექტის მიმართება, კომუნიკაციისა და ენის პრობლემა, ბავშვების საკითხი, მატრიარქატის მნიშვნელობა და სხვ. ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები მათ მიერ აღიქმება როგორც აბსურდულ, ქაოტურ, არეულ, დაქსაქსულ, არაპროგნოზირებად, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და კომპლექსურ მოვლენებად. ეს არის ერთგვარი „მოტივტივე მდგომარეობა“, სადაც არაფერია მკაფიოდ განსაზღვრული. ეს არაერთგვაროვანი და თავისუფალი, კომუნიკაციაზე ორიენტირებული კულტურა, ახალი ნიშნების ენაზე საუბრობს. თვალსაჩინოა ჰიბრიდული დარგების, სხვადასხვა მიმართულების განვითარება, მულტიდისციპლინარული მიდგომებისა და თეორიული დისკურსების წინ წამოწევა, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიების, ინტერნეტის, კომპიუტერული გამოსახულებისა და ინფორმაციის მოპოვების გამარტივების გავლენა ხელოვნებაზე, რაც მათი აზრით, მნიშვნელოვნად ცვლის მსოფლაღქმას და პარაფრაზების, ასოციაციაციური მითითითებების, ალუზიების რთულ სისტემას ბადებს, - „იმდენად ძლიერია ეს ახალი ტენდენცია, რომ აღწერა ძალიან რთულია. პრიმიტიულად რომ ავხსნა, ადრინდელი ხელოვნება იყო ერთი წყვილი თვალით დანახული განცდები და გრძნობები, ახლა კი თითქოს ასი თვალითაა დანახული. ეს ახალი ხელოვნება უცხოპლანეტელია თითქოს. <...> ის იმდენად აბსტრაქტულია, ახსნა და დასაბუთება არ შემიძლია“. - ამბობს ინტერვიუს დროს ერთ-ერთი ხელოვანი, რომელიც საკუთარ ვებ-საიტზე მუშაობას განიხილავს, როგორც შემოქმედებით პროცესს, საბოლოოო შედეგს კი - ვებ-საიტს, როგორც ხელოვნების ნიმუშს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული მხატვრებიდან ზოგიერთი ფიქრობს საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზებას და აქვს საქართველოში პროექტების განხორციელების, სახელოვნებო პლატფორმის ჩამოყალიბების, გამოფენის, სწავლების სურვილი. თუმც ნიშანდობრივია, რომ მხატვრების ნაწილი მომავალ გეგმებზე საუბრისას არა კონკრეტულ პროექტებზე, არამედ ძიების პროცესზე აკეთებს აქცენტს. გამოფენების ნაცვლად აქტიურად საუბრობენ კვლევით პროექტებზე ან სწავლის გაგრძელებაზე. საყურადღებოა, რომ მათი უმრავლესობა ერთდროულად მუშაობს რამდენიმე პროექტზე. მათ უმეტესობას არ აქვს კონკრეტული გეგმა, ან არ გეგმავს ხანგრძლივი დროით.
ქართველი ხელოვანების პოსტმოდერნისტულ პარადიგმაში განხილვის კუთხით, ერთ-ერთი რესპონდენტის პასუხი განსაკუთრებით საგულისხმოა და ნათლად აღწერს თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს: „კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ ვიყო პროცესში, ძიების, აღმოჩენის გზაზე, როგორც მოგზაური ან არქეოლოგი“.
პოსტმოდერნიზმში კლასიკურ ლაბირინთს უპირისპირდება რიზომორფული ლაბირინთი, რომელიც უამრავ მნიშვნელობას ბადებს და მასში მოგზაურობა სამყაროს უსასრულო ლაბირინთის უსასრულო შესაძლებლობებში ხეტიალს გავს. აქ არ არსებობს ცენტრალური ტოპოსი, რომელიც მოძრაობის ვექტორს განსაზღვრავდა. ერთადერთი, რაც მუდმივია - მოძრაობა, სვლაა....
საგულისხმოა, რომ ქართველი ხელოვანების პასუხებში თავს იჩენს პოსტმოდერნისტული კულტურის ძირითადი მახასიათებლები - დეცენტრალიზაცია, დისკრეტულობა და იერარქიული კონტრუქციების რღვევა. მათ შემოქმედებასთან მიმართებაში ნიშანდობრივია ზემოაღნიშნული ლაბირინთი-რიზომას, ანუ რიზომორფული ლაბირინთის კონცეპტი, რომელიც თავის არქიტექტონიკაში სივრცის ორგანიზების ასტრუქტურულ, არაიერარქიულ პრინციპებს ეფუძნება. რიზომატული მრავლობითობის პრინციპი ხომ უარყოფს ერთ ღერძს, რომელიც მთლიანობას აღნიშნავს. რიზომაში ხომ არ არის უბანი, რომელიც სხვა უბნისათვის ფესვად, ღერძულად განიხილება ან მათ მიმართ მეტაპოზიციაში იქნება. ყველა მათგანი ერთნაირად ეკუთვნის სიმრავლეს, რომელიც ერთიანობის იდეასთან არ არის კავშირში. რიზომა ჰეტეროგენულია: ყოველი წერტილი დაკავშირებულია მეორესთან ისე, რომ თავად ეს წერტილები არ არის დაფიქსირებული. რიზომა არ ექცევა საზღვრებში, შეუძლებელია განსაზღვრო მისი კოორდინატები და გაარკვიო მისი განვითარების ტრაექტორია. „ხე მემკვიდრეობითობაა, რიზომა კი კავშირია, მხოლოდ კავშირი. ხე თავს გახვევს ზმნას „ყოფნა“, რიზომა კი კავშირებისგან არის მოქსოვილი - და... და... და...“ ამ კავშირებში საკმარისი ძალაა, რომ ფესვიანად ამოგლიჯოს სიტყვა „ყოფნა“ - ჟ.დელიოზი.
სტატია დაწერილია სამეცნიერო კვლევის - “ინტეგრაცია და იდენტობა”, საფუძველზე, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში, რისთვისაც თსუ-ს კვლევითი ჯგუფი - მზია ჩიხრაძის, ქეთევან შავგულიძის, მარიამ შერგელაშვილის, მარიტა სახლთხუციშვილისა და ლანა ქარაიას შემადგენლობით, დიდ მადლობას უხდის მას. სტატია დაიბეჭდა რეფერირებად ჟურნალ - «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე»-ში