ბესო უზნაძე
მულტიმედია, ფოტოგრაფია
ბიოგრაფია
ბესო უზნაძე დაიბადა 1968 წელს საქართველოში. 2000-იანი წლებიდან მოღვაწეობა განაგრძო ინგლისში (ლონდონი). ბესო უზნაძე სწავლობდა დოკუმენტურ ფოტოგრაფიას თბილისის ფოტოგრაფიის სკოლაში „სეპია“, შემდეგ განათლება მიიღო ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით ლონდონში. ბესო უზნაძის ნამუშევრები შთაგონებულია ხელოვანის ყოველდღიური, გარემომცველი რეალობიდან და ემოციური მგრძნობელობით აერთიანებს შემთხვევითობებს, სხვადასხვა ამბავს, რომელიც ერთიან სერიებად ვითარდება ფოტოხელოვანის შემოქმედებაში. ხელოვანი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს და ფერწერის შერეული ტექნიკისა და ფოტოს მედიუმის სინთეზით ქმნის ვიზუალურ ნარატივს. ბესო უზნაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, ბაზრობებში, საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. ფოტოხელოვანი არის ბრიტანეთის ფოტოგრაფიის ჟურნალის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ფოტოგრაფი ბესო უზნაძე ძირითადად ფოტო რეპორტაჟებზე და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, სიკვდილი, შიში... - იმ ყველაფრიდან რაც მის ცხოვრებაში და მის გარშემო ხდება. ბესო სულ რაღაც ამბავს ყვება ძირითადად მისი ცხოვრების და იმ ადამიანების შესახებ, ვინც მას ხვდება ყოველდღიურობაში. მის ნამუშევრებში დომინირებს სხვადასხვა ადამიანების პორტრეტები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ამბებთან, ფაქტებთან. არტისტი ფოტოებს საერთო სახელით სერიებად აერთიანებს და საერთო მესიჯს აწვდის მაყურებელს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market. (წყარო: პროჯექთ ართ ბითი).