პროექტი „ინტეგრაცია და იდენტობა“ განხორციელდა მეცნიერთა ჯგუფის -მზია ჩიხრაძის, ქეთევან შავგულიძის, მარიამ შერგელაშვილის, მარიტა სახლთხუციშვილისა და ლანა ქარაიას მიერ. ჯგუფი შეიკრიბა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე, სადაც იმ დროისთვის ნაწილი მათგანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, ნაწილი კი - ჯგუფის ახალგაზრდა მეცნიერები - მაგისტრატურა- დოქტორანტურის კურსს გადიოდა.
პროექტის ხელმძღვანელი:
მზია ჩიხრაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; მუშაობს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; ასწავლის თავისუფალ უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული პროფესორი. მზია ჩიხრაძე მუშაობს თანამედროვე და უახლესი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის თემებზე. ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი, მეოცე საუკუნისა და თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე სამეცნიერო ნაშრომების,მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
პროექტის კოორდინატორი -
ლანა ქარაია - ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი. მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციაში. ასწავლის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული ლექტორი. ლ. ქარაია მუშაობს თანამედროვე ხელოვნებისა და მუზეოლოგიის საკითხებზე. არის ორი სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი/მკვლევარი, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი და გამოცემის თანაავტორი.
მკვლევრები:
ქეთევან (ქეთი) შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ პროფესორად; არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული პროფესორი ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და თავისუფალ უნივერსიტეტში. ქ. შავგულიძე მუშაობს უახლესი ქართული და მსოფლიო ხელოვნების პრობლემებზე. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
მარიამ შერგელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში კურატორად. მ. შერგელაშვილი არის თანამედროვე ხელოვნების საკითხების მკვლევარი, ახორციელებს რამდენიმე პროექტს, არის თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე რამდენიმე ნაშრომისა და სტატიის ავტორი და თანაავტორი.
მარიტა სახლთხუციშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. მუშაობს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების კოორდინატორად, ასევე სამეცნიერო- პოპულარულ ჟურნალ „ისტორიანში“ უძღვება საავტორო რუბრიკას „საქართველოს ძეგლები“. მარიტა სახლთხუციშვილი მუშაობს თანამედროვე ხელოვნებისა და მუზეოლოგიის საკითხებზე. არის სამი სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი/მკვლევარი, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი.