სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ინტეგრაცია და იდენტობა“ მოიცავს უცხოეთში მიგრირებული და იქ მოღვაწე ქართველ ხელოვანებისა და მათი შემოქმედების კვლევა-ანალიზს. პროექტი განხორციელდა 2017-2019 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე და დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსის ფარგლებში.
პროექტის კვლევითი თემის პრობლემატიკა აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიის მრავალი მოვლენა სამეცნიერო კვლევების მიღმა რჩება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა ქართველი მხატვრებისა და არტისტების შემოქმედება უცხოეთში.ეს მოვლენა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს კულტურულ ინტეგრაციას დასავლეთთან და, იმავდროულად, ამდიდრებს ლოკალურ სახელოვნებო სივრცეს განსხვავებული, დასავლეთიდან შემოსული მხატვრული ღირებულებებით.
პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის სამეცნიერო ჯგუფის მიერ შესრულდა შემდეგი ამოცანები: დადგინდა ქართველ ემიგრანტ ხელოვანთა სია, მოხდა კლასიფიკაცია მათი მოღვაწეობის სფეროების, მიმდინარეობებისა და ქვეყნების მიხედვით. სამუშაო ეტაპების შესაბამისად დაიგეგმა სამეცნიერო ჯგუფის მივლინებები ევროპის ქვეყნებსა (ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, საბერძნეთი, ინგლისი) და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტის კვლევის არეალში მოექცა 25-დან 80 წლამდე ასაკის 115 ხელოვანი, რომელთა ემიგრაციის ძირითადი პერიოდი 1980-დან 2000-იან წლებს მოიცავს.კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა ქართული ხელოვნების შეპირისპირებითი ანალიზი, სახელოვნებათმცოდნეო კვლევისა და კომპარატიული მეთოდები, ხელოვანებთან ინტერვიუების ჩაწერა-სოციოლოგიური გამოკითხვები, საარქივო კვლევა და მხატვრული ნაწარმოებების მეცნიერული ანალიზი.
პროექტის სამეცნიერო ჯგუფმა შეისწავლა მოპოვებული თეორიულ-ვიზუალური მასალა, ინტერვიუები, მოხდა ლიტერატურის დამუშავება, შესწავლილი მასალის ანალიზი და ურთიერთშეჯერება, ხელოვანების შემოქმედების განხილვა დასავლურ თანამედროვე ხელოვნებასა და ქართულ ხელოვნებასთან მიმართებაში. აღნიშნული ინტერვიუების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე განხორციელდა შერჩეული მხატვრებისა და არტისტების შემოქმედების მხატვრული და ფასეულობით-მსოფლმხედველობრივი შეფასება, დადგენა, თუ რატომ, როდის და რა პირობებში მოხდა ხელოვანების ემიგრირება უცხოეთში, როგორ მოხდა მათი დამკვიდრება ახალ ადგილზე, როგორ ხდება მათი ინტეგრაცია დასავლურ გარემოში, რა კავშირებს ამყარებენ ისინი ადგილობრივ სახელოვნებო ინსტიტუციებთან, როგორ აფასებენ მიმდინარე მხატვრულ პროცესებს, რამდენად თვლიან საკუთარ შემოქმედებას ქართული ხელოვნების ნაწილად, რა კავშირებს ინარჩუნებენ ქართულ სახელოვნებო გარემოსთან, როგორია მათი ცნობიერი დამოკიდებულება ქართული მხატვრული ტრადიციის მიმართ; რამდენად სპეციფიკურად – “ქართულად” წარმოჩინდება მათი ხელოვნება ამგვარი კულტურული ინტეგრაციის პირობებში. დადგინდა ემიგრანტ მხატვართა როლი ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში, გამოიკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეს ხელოვანები საქართველოს მსოფლიოს სახელოვნებო სივრცესთან კულტურული ინტეგრაციის კონტექსტში.
კვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა 1910-1920-იანი წლებში ქართველი მხატვრების უცხოეთში ცხოვრება-მოღვაწეობის ანალიზი, რისთვისაც მოხდა საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში დოკუმენტების, ვიზუალური მასალებისა და ლიტერატურის მოძიება. მოპოვებულ ინფორმაციაზე და თეორიულ, დოკუმენტურ და ასევე ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით გაკეთდა მხატვართა 1990-იან წლებში ხელოვანთა მიგრაციის პროცესებთან პარალელები, დადგინდა საერთო და განსხვავებული მახასიათებლები ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის ამ ორ მოვლენას შორის და ასევე მათი ხელოვნების ადგილისა და მნიშვნელობის იდენტიფიცირება დასავლური თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა-ანალიზის საფუძველზე მომზადდა რამდენიმე სამეცნიერო ესე, საკონფერენციო მოხსენება და ფუნდამენტური ნაშრომი ქართულ-ინგლისურ ენებზე. შეიქმნა შესწავლილ ემიგრანტ ხელოვანთა შემოქმედების მონაცემთა ბაზა და ვებ-გვერდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვებ-გვერდზე განთავსებულია აღნიშნული მონაცემთა ბაზა და პროექტის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები.